ომარ თეთრაძე - „საბურთალოს“ კარგი ახალგაზრდობა ეზრდება #1TVSPORT
ომარ თეთრაძე - „საბურთალოს“ კარგი ახალგაზრდობა ეზრდება #1TVSPORT

„საბურთალო“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავს. მან ინტერვიუში თურქულ შეკრებაზე, სპარინგ-მატჩებზე, კარს მომდგარ ჩემპიონატზე, გუნდში არსებულ მდგომარეობასა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

„იანვარში, მარტყოფში გავიარეთ პირველი შეკრება. ამინდებმა შეგვიშალა ხელი და სრულფასოვანი მომზადება ვერ მოვახერხეთ. ფეხბურთელებმა პირველივე დღიდან გამოაჩინეს, რომ პროფესიონალები არიან და მინდა, გვერდში დგომისთვის მადლობა ვუთხრა, ისევე როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ კარგ პირობებში ვიყოთ და სრულყოფილად მოვემზადოთ.

თურქეთში მოსამზადებლად ბევრი ევროპული კლუბი ჩადის, იქ კარგი პირობებია. ვითამაშეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა, დავინახეთ, რა კუთხით გვმართებს მომატება, სად გვაქვს პრობლემები. იყო პოზიტიური ფაქტორებიც. საერთო ჯამში, კარგი სპარინგმატჩები გამოგვივიდა.

ძირითადად დაკომპლექტებულები ვართ, მაგრამ თუ ვინმე საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდება, უარს ნამდვილად არ ვიტყვით. ყველა მწვრთნელს უნდა, რომ ორი კარგი შემადგენლობა ჰყავდეს, რათა გუნდში ჯანსაღი კონკურენცია იყოს. ეს ფაქტორი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„საბურთალოს” კარგი ახალგაზრდობა ეზრდება, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, წარმატებს მიაღწევენ. ინდივიდუალურად ბევრი მუშაობაა საჭირო, ერთი ვარჯიში არაა საკმარისი, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ გარკვეულ შედეგს მიაღწიო.

რამდენიმე დღეში მწვრთნელის რანგში ოფიციალური დებიუტი მექნება და იმედია, წარმატებული გამოვა. სამწვრთნელო შტაბი ძალიან მეხმარება, რომ ქართულ ფეხბურთში უკეთ გავერკვე. ყველა თამაშში სრული კონცენტრაციაა საჭირო, წარმატებას რომ მიაღწიო. ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს, წინ დიდი და რთული სეზონი გველის“, – ამბობს ომარ თეთრაძე.