უეფა – ბათუმში სტადიონის ტრიბუნაზე დაპირისპირება „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაიწყო, პოლიცია კი მის აღსაკვეთად ჩაერია, გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და აღასრულეს საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში #1TVSPORT

11:10, 27.11.2026

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბათუმში, ევროპა ლიგის მატჩზე, თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„იმის შესახებ, რომ ევროპა ლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის სტამბოლში, თურქული კლუბის საშინაო სტადიონზე არ გაიმართებოდა, უეფა-ს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა, თურქეთის შესაბამისი უწყებების რეკომენდაციებისა და მითითებების საფუძველზე. იმავე შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ მატჩის ჩატარების ახალ ადგილად მხარეები საქართველოში, ბათუმის სტადიონზე შეთანხმდნენ.

როგორც მიმდინარე სეზონის ყველა სხვა შეხვედრის შემთხვევაში, გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა. უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე და მათზე კონტროლის მექანიზმი არ გააჩნდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და აღასრულეს საკუთარი პასუხისმგებლობისა და იურისდიქციის ფარგლებში.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, უეფა-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, რის გამოც მატჩი დროებით შეწყდა, მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილობრივი პოლიცია თურქული კლუბის გულშემატკივართა სექტორში თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების აღსაკვეთად ჩაერია“, – ნათქვამია უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი