„საბურთალოს“ მოულოდნელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე - საქართველოს ჩემპიონმა „შერიფი“ გაანადგურა
საქართველოს ჩემპიონმა, ევროგათამაშების დებიუტანტმა „საბურთალომ“, ტირასპოლში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის რამდენიმეგზის მონაწილე – მოლდოვას ჩემპიონი „შერიფი“ დაამარცხა და პირველი ეტაპის ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა.
თამაშამდე ტოტალიზატორების ფსონები ასეთი იყო – „საბურთალო“ მოგებაზე 8,0-დან 9,0-მდე კოეფიციენტებს იღებდა, ანუ ტოტალიზატორებს „შერიფის“ მოგებაში ეჭვი არ შეჰქონდათ. მეტიც, როდესაც საბურთალო უკვე 0:1 იგებდა, ტოტალიზატორები შერიფის მოგებაზე მაინც დაბალ ფსონს – 1.3-ს გამოდიოდნენ.
პროგნოზების საპირისპიროდ, თამაში თბილისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ, 30-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. თავი თბილისელთა ჩერნოგორიელმა ლეგიონერმა, ოგნიერ როლოვიჩმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმში მოლდაველებმა მთელი ძალებით შეუტიეს, რითაც „საბურთალომ“ კარგად ისარგებლა და მასპინძლებს მწვავე კონტრშეტევაზე კიდევ ორი გოლი გაუტანეს: 67-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი კოხრეიძემ აიღო, ხოლო 71-ეზე ლევან კაკუბავამ.
განმეორებითი შეხვედრა 16 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 21:30 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.