„საბურთალოს” კამერუნელი ახალწვეული - ვფიქრობ, „აპოლონთან“ შანსები თანაბარია
„საბურთალო” ევროპალიგის მატჩისთვის ემზადება. გუნდთან ერთადაა კამერუნელი ახალწვეული ოლივიე ბუმალი, რომელმაც პირველ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა.
„კმაყოფილი ვარ – კარგი სავარჯიშო პირობები, სასიამოვნო საწვრთნელი პროცესი, კარგი განწყობა. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში მეგობრული ატმოსფერო სუფევს. ახლა, მთავარი საფიქრალი მოახლოებული ევროტურნირის მატჩია. მინდა, „საბურთლოსთან” ერთად წარმატებებს მივაღწიო. გუნდს დავეხმარო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში. კარგად ვითამაშოთ ევროტურნირებზე და განვითარდეთ. პანდემიის გამო გარკვეული დრო გამიცდა, თუმცა ნელ-ნელა სასურველ ფორმას ვუბრუნდები,“ – ამბობს ოლივიე ბუმალი.
თბილისელთა კამერუნელმა ახალწვეულმა კომენტარი ქართულ გუნდში ჩარიცხვაზეც გააკეთა: „მენეჯერი დამიკავშირდა, რომელმაც „საბურთალოში” თამაში შემომთავაზა. მითხრა გუნდის შესახებ, რა მიზნები და გეგმები აქვს, როგორი ტრადიციების კლუბია. ამ ყველაფრის მერე დავფიქრდი და თანხმობა ვუთხარი. წლების წინ თბილისის „დინამოში“ ჩემი ახლო მეგობარი, დონალდ ჯუსი თამაშობდა, მისგან ვიცოდი საქართველოს შესახებ. მართალია, კლუბის ახალი წევრი ვარ, თუმცა ვხედავ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ცოდნას უზიარებენ. მათ რიცხვს ნელ-ნელა მეც შევუერთდები. სამწვრთნელო შტაბიც გამოცდილია, საინტერესო და სასიამოვნო ვარჯიშები გვაქვს“.
მან კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი გაიხსენა: „პანათინაიკოსში” გატარებული დრო საუკეთესოდ მახსენდება. სასიამოვნო იყო ჩინეთსა და იაპონიაში თამაში. თუმცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ეროვნულ ნაკრებთან ერთად თამაშია. ქვეყნის პირველ გუნდში გამოძახებას ახლაც ველოდები, მაგრამ ჯერ „საბურთალოში” უნდა დავამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ვარ“.
მან ევროპალიგის მატჩამდე კვიპროსის გუნდის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება ახსენა: „2016 წელს, როდესაც „პანათინაიკოსში” ვთამაშობდი,„ომონიას” ამხანაგურად გავეჯიბრეთ. მეტოქემ კარგი ფეხბურთი ითამაშა. ვიცი, რომ „საბურთალოს“ მეტოქე „აპოლონი” ხშირად თამაშობს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება მატჩისწინა მოლოდინს – ეს თამაში, როგორც კლუბისთვის, ასევე თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ მატჩებში იძენ გამოცდილებას, ბევრს სწავლობ. ერთად დგომით, ბრძოლითა და მონდომებით შეგვიძლია გამარჯვებაზე ვიფიქროთ, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ვფიქრობ, შანსები თანაბარია, მიუხედავად იმისა, რომ ეტაპი ერთმატჩიანია და სტუმრად ვთამაშობთ“.