ლაშა ნოზაძე „საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელია – 42 წლის სპეციალისტი, რომელიც წლებია დედაქალაქურ კლუბში მუშაობს. ის ფეხბურთელებს აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ წარუდგინა.
„ჩემთვის „საბურთალოს” მთავარი მწვრთნელობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვეცდები იმედების გამართლებას. „საბურთალოს“ მიზანი უცვლელია – სამეულში მოხვედრა, ევროტურნირებზე რამდენიმე ეტაპის გადალახვა და ტიტულის შენარჩუნება. წლებია უკვე „საბურთალოში“ ვმუშაობ, სამწვრთნელო კარიერა ამ კლუბში დავიწყე, ეს ჩემთვის რიგითი გუნდი არაა – ძალიან მიყვარს, ჩემი მეორე ოჯახია. მადლობა მინდა ვუთხრა ტარიელ ხეჩიკაშვილს, კახა კაშიას, კახა ამირიძეს გვერდში დგომისა და ნდობისთვის. მადლობა ლევან კორღალიძეს, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული „საბურთალოსთვის“. მადლობა ფეხბურთელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს და გვერდში მიდგას“, – ამბობს ლაშა ნოზაძე.
42 წლის სპეციალისტი „საბურთალოში“ 2013 წლიდან მუშაობს. ლაშა დამხმარე მწვრთნელის რანგში 2015 წელს პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც „საბურთალომ“ უძლიერესთა რიგებში თამაშის უფლება მოიპოვა. ასევე ასისტენტის რანგში მოგებული აქვს ეროვნული ლიგა (2018), ორჯერ გახდა დავით ყიფიანის სახელობის თასის (2019, 2021) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული.
შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძემ „საბურთალო” 8 ივნისს დატოვა. მან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
„საბურთალოს“ ახალი მწვრთნელი პირველად მოედანზე 16 ივნისს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩში გაიყვანს – გუნდი საგურამოში თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრება.