„საბურთალომ“ დანიურ „რანდერსთან“ ბოლო წამებზე წააგო #1TVSPORT
„საბურთალომ“ დანიურ „რანდერსთან“ ბოლო წამებზე წააგო #1TVSPORT

საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი მატჩი დანიის სუპერლიგის კლუბ „რანდერსის“ წინააღმდეგ გამართა და ბოლო წამებზე 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თბილისელებს 43-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, როდესაც ბაქარ ქარდავამ საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, მაგრამ „საბურთალოს“ თავდამსხმელმა მიზანს ოდნავ ააცილა. სამაგიეროდ, შესვენებამდე თავიანთი შანსით დანიელებმა ისარგებლეს – კუთხურის გათამაშების შემდეგ შვედმა მცველმა, კარლ იოჰანსონმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში სახიფათოდ შეუტია ლაშა პარუნაშვილმა, მისი დარტყმა მცველმა კუთხურზე მოიგერია, რომლის გათამაშების შემდეგ „რანდერსი“ გოლს გადარჩა.

საბურთალომ“ ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრა – საბა მამაცაშვილმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, მისი გადაცემა კი გიზო მამაგეიშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირვინა. თუმცა თბილისელებმა ანგარიშის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხეს – არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე სტივენ ოდეიმ გადამწყევტი გოლი გაიტანა და დანიელებმა 2:1 მოიგეს.

„საბურთალო“: მეგრელიშვილი, კომახიძე, მამასახლისი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, სილაგაძე, ლ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე.

სათადარიგოები: კუპატაძე, გელაშვილი, ჩადუნელი, მამაცაშვილი, კაპანაძე, პარუნაშვილი, ო. მამაგეიშვილი, დადიანი.

აქვე ვიტყვით, რომ თურქულ შეკრებაზეა „საბურთალო 2“-იც, რომელმაც პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის ლუგანსკის „ზორია 2“-თან გამართა და დავით ბერიასა და გიორგი ბართიას გოლებით 2:1 დაამარცხა.