მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაციები შემოიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ვალდებულია განათავსოს ვებგვერდზე და ნებისმიერ სარეკლამო მასალაზე გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ. ასევე, კომპანიას არ აქვს უფლება მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რეკლამირებისას დაპირდეს კლიენტს შემოსავლის განსაზღვრულ ოდენობას ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გულისხმობდეს მსგავსი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შედეგად მაღალი მოგების მიღებას. კომპანია ვალდებულია ყველა სახის სარეკლამო ღონისძიების ან/და სარეკლამო მასალებისა და მათი გავრცელების საშუალებების შესახებ ინფორმაცია მათ გავრცელებამდე მიაწოდოს ეროვნულ ბანკს.
რაც შეეხება კომპანიის ვებგვერდს, ის უნდა შეიცავდეს: ონლაინრეჟიმში სისტემის მეშვეობით ვაჭრობის სპეციფიკის აღწერას, სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და ყველა შეთავაზებული პროდუქტისათვის დამახასიათებელი მატერიალური რისკების სრულყოფილ აღწერას.
ბრძანების მიხედვით, კომპანიას ეკრძალება მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება, გამოქვეყნება, მიწოდება ან მიყიდვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით) ინვესტორებისთვის, თუ ის არ მოიცავს რისკების შესახებ გაფრთხილებას.
მსგავს კომპანიას უნდა გააჩნდეს საქმიანობის გამართული პროცესი, რომელიც მისცემს საშუალებას დაადგინოს, კლიენტის მიერ ტრანზაქციის განხორციელების რა ეტაპზე ხდება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგად მოგებული ფულადი სახსრები, კლიენტის კუთვნილი ფულადი სახსრები და პირიქით. ამასთან, კომპანიამ უნდა აღრიცხოს ყველა ტრანზაქცია თითოეული კლიენტისა და მისი ცალკეული ანგარიშების ჭრილში.
მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.