საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, ოთხი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სამაშველო-სამძებრო ოპერაცია დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება. ამინდის პირობები გაუმჯობესდა და მაშველებს მუშაობის საშუალება ეძლევათ. ისინი დატბორილ სოფლებში ჩარჩენილ მოქალაქეებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ.
როგორც მედია წერს,ზაფხულის რეკორდული სიცხის შემდეგ, რომელმაც უზარმაზარი ტყის ხანძრები გამოიწვია, წყალდიდობის შედეგად ახლა სახლები ნიაღვრებმა წაიღო, ჩამოინგრა ხიდები, დაიტბორა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და განადგურდა მოსავალი.
სახანძრო ბრიგადამ ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 2 806 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვერტმფრენების დახმარებით სტიქიის ზონიდან 149 ადამიანი გამოიყვანეს. ისინი სახლების სახურავებზე იმყოფებოდნენ.
მედიის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობას კიდევ ელოდებიან.