საბერძნეთში კოღოს მიერ გავრცელებული ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში კოღოს მიერ გავრცელებული ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში კოღოს მიერ გავრცელებული ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა. როგორც საბერძნეთის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში განაცხადეს, კოღოებს საშიში ვირუსი გადააქვთ, რომელიც დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელების სახელით არის ცნობილი. დაავადების სიმპტომებია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება და ზოგიერთ შემთხვევაში გამონაყარი. ვირუსი ადამიანის ნერვულ სისტემას აზიანებს. კერძოდ, მას შეუძლია გამოიწვიოს ენცეფალიტი, მენინგიტი ან დამბლა.

ათენის სამედიცინო ასოციაციამ მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროს, სასწრაფო ზომები მიიღოს, რათა ვირუსის გავრცელება შეჩერდეს.

აღნიშნული დაავადებით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად აფრიკასა და ცენტრალურ მაკედონიაში დაფიქსირდა, თუმცა საშიში ვირუსი ასევე გამოჩნდა ევროპის ქვეყნების ნაწილშიც. მათ შორის იტალიაში, რუმინეთსა და უნგრეთშიც.

დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელების შედეგად ორი ადამიანი წელს ისრაელშიც დაიღუპა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აფრიკული ვირუსის ევროპაში გავრცელებას გადამფრენი ფრინველებიც უწყობენ ხელს.