საბერძნეთში ხანძრის დროს დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება
საბერძნეთში დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
მაშველები სტიქიის ზონაში თითოეულ შენობასა და ტერიტორიას ამოწმებენ. დაკარგულებს ეძებენ ზღვაშიც. მოქალაქეთა უმეტესობამ მას შემდეგ, რაც რაფინას რეგიონი ხანძრის ალში გაეხვა, სწორედ ზღვის სანაპიროს მიაშურა.
ადგილობრივების განცხადებით, სტიქიის დროს ქარმა მოულოდნელად მიმართულება იცვალა და მთიდან ზღვის მიმართულებით დაუბერა, რის გამოც შესაძლოა, ზღვაში გახიზნული პირები დინებამ ნაპირიდან 4-5 კილომეტრის დაშორებითაც კი გაიყვანა.
ქვეყანა უკვე მეორე დღეა ხანძრის შედეგად 85 გარდაცვლილს გლოვობს. 100-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით სერიოზული მტკიცებულებები არსებობს. თავდაცვის მინისტრის თქმით, სატელიტური გამოსახულებების შესწავლისა და სახმელეთო ინსპექციის ჩატარების შედეგად, გამოძიებამ ატიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მასშტაბური ხანძრის განზრახ გაჩენის საკმაოდ ბევრი მტკიცებულება მოიპოვა. მინისტრი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.