საბერძნეთში 11 იანვრამდე კარანტინის პირობები გამკაცრდება. ამ პერიოდში მოქალაქეებს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აეკრძალებათ.
ამის შესახებ საბერძნეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტელიოს პეცასმა განაცხადა.
ახალი წესები ძალაში 3 იანვრიდან შევა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სამსახურში წამსვლელთათვის ან მათთვის, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება.
საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან ასევე შეწყვეტენ მუშაობას ის სერვისები, რომელთა მუშაობაც დეკემბერში ნაწილობრივ აღდგა. კვლავ დაიკეტება სილამაზის სალონები და მანქანების ტექნიკური მომსახურების ცენტრები. აკრძალული იქნება თევზაობა და ნადირობაც. მრევლისთვის დაკეტილი იქნება ეკლესიებიც.
ბოლო პერიდოში საბერძნეთში კორნავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 300-დან 1 100-მდე მერყეობს.
საერთო ჯამში, საბერძნეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით 139 447 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაიცვალა 4 881 ადამიანი.