საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ, ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, თურქეთი მაინც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოს დენდიასი აცხადებს, რომ, ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, თურქეთი მაინც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„როდესაც არსებობს მეზობელი ქვეყანა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სუვერენულ სტატუსს, არა მხოლოდ სუვერენულ უფლებებს, არამედ უმცირესობების განმსაზღვრელ საერთაშორისო შეთანხმებებსაც, ეს წარმოადგენს ეგზისტენციალურ მუქარას. ჩვენი ქვეყნის იურიდიული და გეოგრაფიული საზღვრები ასევე საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მეზობელ თურქეთთან ურთიერთობებში მივესალმებით გარკვეულწილად ტონის შერბილებასა და კლიმატის გაუმჯობესებას“, – განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.
საბერძნეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საბერძნეთის შეიარაღებული ძალების რეფორმის საჭიროება არსებობს. მინისტრის თქმით, ეს მოიცავს მსხვილ შესყიდვებს და ინოვაციების დანერგვას.