საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საავადმყოფოებში ადგილები იწურება
საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ თესალონიკში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო საავადმყოფოებში ადგილები იწურება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თესალონიკში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების მხოლოდ ოთხი პროცენტია თავისუფალი, ათენში კი 20 პროცენტი.
„საბერძნეთში, ჯერჯერობით პიკისთვის არ მიგვიღწევია, სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს და შესაბამისად, ზეწოლაც იქნება უფრო ძლიერი“, – განაცხადა ათენის „ვოულას“ საავადმყოფოს დირექტორმა, ანდრეს პლემმენოსმა.
დაახლოებით ერთი თვის წინ საბერძნეთის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მხოლოდ 87 კოვიდინფცირებული მკურნალობდა. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კი ეს მაჩვენებელი სამი ათასამდე გაიზარდა.
„მეორე ტალღას ველოდებოდით, მაგრამ ის გაცილებით ადრე დადგა. პირველი ტალღის დროს, ქვეყნის მიერ მიღწეულმა წარმატებამ ადამიანები დაამშვიდა და მას შემდეგ ისინი აღარ იცავენ წესებს, როგორიცაა, მაგალითად პირბადის გაკეთება, სოციალური დისტანციის დაცვა. ჩვენ უარესისთვის ვემზადებით“, – განაცხადა ანდრეს პლემმენოსმა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 91 600 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 630 ადამიანი.