საბერძნეთის პოლიციამ ცხრა წლის წინ საბერძნეთის ეროვნული გალერეიდან მოპარული პაბლო პიკასოს და პიტ მონდრიანის ნახატები აღმოაჩინა
საბერძნეთის პოლიციამ ცხრა წლის წინ საბერძნეთის ხელოვნების ეროვნული გალერეიდან მოპარული პაბლო პიკასოს და პიტ მონდრიანის ნახატები აღმოაჩინა. პოლიციის განცხადებით, ნამუშევრები ამჟამად სამართალდამცველების ხელშია.
ძვირფასი ნამუშევრების აღმოჩენასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა. უცნობია, თუ რა მდგომარეობაშია ტილოები და დააკავეს თუ არა მათ მოპარვასთან კავშირში მყოფი პირები.
ნახატები ათენის ხელოვნების ეროვნული გალერეიდან 2012 წლის 9 იანვარს მოიპარეს.
პიკასოს მოპარული ნახატი წარმოადგენს კუბიზმის სტილში შესრულებულ ქალის ბიუსტს. ნამუშევარი ესპანელმა მხატვარმა საბერძნეთის უმსხვილეს გალერეას 1949 წელს თავად აჩუქა მეორე მსოფლიოს ომის დროს ბერძენი ხალხის მიერ ნაცისტური საოკუპაციო ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. რაც შეეხება ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის ტილოს, ეს 1905 წელს შესრულებული ნახატია, რომელზეც ქარის წისქვილია გამოსახული.