საბერძნეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოქალაქეებს კუნძულებზე გამგზავრება აუკრძალა
საბერძნეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოქალაქეებს კუნძულებზე გამგზავრება აუკრძალა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კუნძულებზე გასამგზავრებლად ბორანის გამოყენება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც კუნძულზე ცხოვრობენ.
„რაც უფრო პატარაა კუნძული, სადაც უსაფრთხოების მიზნით მიემგზავრებით, თუ ავად გახდებით, მით უფრო რთული იქნება თქვენი დახმარება“, – განაცხადა საბერძნეთის საზღვაო გადაზიდვების მინისტრმა.
მთავრობაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სახლში დარჩენის შესახებ გაცემული გაფრთხილების მიუხედავად, საბერძნეთის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა შაბათ-კვირას ქალაქებიდან გამგზავრება გადაწყვიტა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მთავრობა მოქალაქეების გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს და ეს დამოკიდებულია მოქალაქეთა ქცევაზე. კირიაკოს მიცოტაკისმა ბერძნებს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.