საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის (ელადის) მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებული უპრეცედენტო გარემოებების გათვალისწინებით“, მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, აღდგომის დღესასწაულზე სახლში ილოცონ.
„ყველა უნდა დაემორჩილოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინსტრუქციებს და არ უნდა აყვნენ მათ, ვინც დაუმორჩილებლობის მოწოდებით გამოდის, რაც არსებულ გარემოში დაუშვებელია, თუნდაც ქრისტიანული რწმენის სახელით“, – ნათქვამია სინოდის განცხადებაში.
სინოდის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება და მას სასულიერო პირების მინიმალური რაოდენობა დაესწრება. მრევლი ეკლესიაში არ დაიშვება. წირვისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება მორწმუნეებს ინტერნეტით, ტელევიზიითა და რადიოთი ექნებათ.
სინოდის გადაწყვეტილებით, თუ პანდემიის გავრცელების მძიმე ფონი გადავლილი იქნება, მრევლი და ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ცერემონიალს ერთობლივად, 26 მაისის ღამეს დაესწრებიან, როცა ხდება აღდგომის დღესასწაულის წარგზავნა და ბოლოჯერ იგალობება „ქრისტე აღსდგა“.
„ეს არ იქნება აღდგომის დღესასწაული, არამედ უბრალოდ ცერემონიის აღნიშვნა“, – ნათქვამია სინოდის განცხადებაში.