საბერძნეთი-საქართველო | ექვსი მატჩის ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT
საბერძნეთი-საქართველო | ექვსი მატჩის ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT

საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ქართველებისთვის უცხო მეტოქე ნამდვილად არ არის. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1998 წლიდან იწყება.

 

ევრო 2000. საკვალიფიკაციო

საბერძნეთი-საქართველო 3:0

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ბერძნებმა საქართველოს ნაკრებს უმასპინძლეს და მარტივად მოახერხეს მეტოქის დამარცხება.

მე-12 წუთზე ტოგონიძის კარი ნიკოს მახლასმა აიღო, 3 წუთში კი სხვაობა ორამდე ნიკოს ლიბეროპულოსმა გაზარდა. 36-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მარინოს უზუნიდისმა დააფიქსირა.

ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა ამ გუნდების ექვსმატჩიან დუელში.

 

ევრო 2000. საკვალიფიკაციო

საქართველო-საბერძნეთი 1:2

1999 წელს, დინამო არენაზე ჩატარებულ, განმეორებით შეხვედრაში, თემურ ქეცბაიამ 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა ქართველებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და 86-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ფრანცესკოსმა წონასწორობა აღადგინა.

თუმცა მატჩის მთავარი გოლი ჯერ კიდევ წინ იყო: ბოლო წუთზე ქართველებისთვის უკვე კარგად ნაცნობმა ნიკოს მახლასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მუნდიალი 2006. საკვალიფიკაციო

საქართველო-საბერძნეთი 1:3

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები კიდევ ერთხელ მოხვდნენ ჯგუფში ერთად. პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2005 წლის 26 მარტს გაიმართა.

22-ე წუთზე ლევან კობიაშვილის შორეული დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, მალხაზ ასათიანი კი დასწრებაზე პირველი იყო და ანგარიში გაიხსნა. ტაიმის მიწურულს, ბერძნებმა ცენტრში ჯარიმა გაითამაშეს, ჩაწოდებას საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითიც მიხალის კაფსისმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

ზუსტად 1 წუთში, მოედნის ცენტრში კიდევ ერთი ჯარიმა დაინიშნა. დამუშავებული კომბინაციის შემდეგ ზიზის ვრიზასმა მცველებს დაასწრო და საბერძნეთი წინ გაიყვანა. მრავალი ცდის მიუხედავად „ჯვაროსნებს“ არაფერი გამოუვიდათ. დაცვაში კიდევ ერთი არაზუსტი თამაში და სტალიანოს იანაკოპულოსმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მუნდიალი 2006. საკვალიფიკაციო

საბერძნეთი-საქართველო 1:0

2005 წელს ეს გუნდები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად საბერძნეთში „კარაისკაკას სტადიუმზე“. ბერძნებმა უპირატესობის მოპოვება შეხვედრის დასაწყისშივე მოახერხეს და პაპადოპულოსმა მე-17 წუთზე, თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ამას ქართველების არაერთი შეტევა მოყვა, თუმცა უშედეგოდ. ნიკოპოლიდისის კარს ჯერ კახა კალაძე დაემუქრა, შემდეგ 19 წლის ჯაბა კანკავა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:0

 

ევრო 2012. საკვალიფიკაციო

საბერძნეთი-საქართველო 1:1

ბოლოს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები ერთ ჯგუფში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოხვდნენ. „კარაისკაკას სტადიუმზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა სწრაფი გოლი იხილა. მე-3 წუთზე კვირკველიას გადაცემის შემდეგ იაშვილმა მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის იყო გიორგი ლორია.

„ჯვაროსნების“ კარს კი ნუკრი რევიშვილი იცავდა. დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საბერძნეთთან გამართულ ურთიერთშეხვედრებში ერთადერთი ფრის მოპოვება, სწორედ ამ შეხვედრაში მოვახერხეთ. რევიშვილმა თავდაპირველად დიმიტრიოს სალპიგიგიდისის აუღო, შემდეგ კი ავრამ პაპადოპულოსის შორეულ დარტყმას გაუმკლავდა. ბერძნებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება 54-ე წუთზე ისევ მიეცათ, თუმცა ახლოდან დიმიტრიოს სალპინგიგიდისის არცთუ ძლიერ დარტყმას ისევ ნუკრი რევიშვილი გაუმკლავდა. საბოლოოდ მცდელობებმა შედეგი გამოიღო და 72-ე წუთზე ნიკოლოს სპაეროპულოსმა ეფექტური დარტყმით საქართველოს ნაკრების კარი აიღო და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

 

ევრო 2012. საკვალიფიკაციო

საქართველო-საბერძნეთი 1:2

განმეორებით შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ანგარიში ისევ ქართველებმა გახსნეს. თარგამაძემ ჯარიმიდან ჩააწოდა, ბურთს საჯარიმოში ერთი ფეხბურთელიც არ შეხებია და ალექსანდროს ცორვასის კარში გატანილი გოლი სწორედ ახალგაზრდა ქართველი შემტევის დავით თარგამაძის ანგარიშზე ჩაიწერა.

ბერძნები გატანასთან რამდენჯერმე იყვნენ ახლოს. თუმცა ამის გაკეთება 78-ე წუთამდე ვერ მოახერხეს. გეორგიუს ფოტაკისის შორეული დარტყმის შემდეგ რევიშვილი უძლური აღმოჩნდა, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბურთს მცირედით მიმართულება ალექსანდრე ამისულაშვილმა შეუცვალა და სწორედ ამის შემდეგ გათანაბრდა ანგარიში.

თითქოს ისტორია მეორდებოდა, შეხვედრის მიწურულს ქართველებმა მეტოქეს საჯარიმოს წინ ბურთის მარტივად გათამაშების საშუალება მისცეს, ანგელოს ხარისტიასმა შანსი გამოიყენა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ამ მატჩში ისეთმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც დღეს ვილი სანიოლის განაცხადშიც გვხვდებიან – ჯაბა კანკავამ, გურამ კაშიამ შეხვედრა სასტრატოში დაიწყეს, ხოლო გია გრიგალავა სათადარიგოთა შორის დარჩა. ბერძნებიდან კი ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოსთან თამაშის გამოცდილება აქვს 29 წლის ცენტრალური მცველი კირიაკოს პაპადოპულოსია.

საბერძნეთთან ექვსი ჩატარებული შეხვედრიდან ქართველებმა 5 დათმეს ერთი კი ფრედ დაასრულეს. იმ 4 შეხვედრაში, რომელშიც თითო-თითო გოლის გატანა „ჯვაროსნებმა“ შეძლეს, ოთხივეჯერ ანგარიში სწორედ ქართველებმა გახსნეს, თუმცა კარგად დაწყებული საქმის გამარჯვებამდე მიყვანა ვერცერთხელ ვერ მოახერხეს.

ცოტნე შაორშაძე