საბერძნეთი ითხოვს, მაკედონიამ ქვეყნის ახალი სახელწოდება კონსტიტუციაში ჩაწეროს
საბერძნეთი ითხოვს, მაკედონიამ ქვეყნის ახალი სახელწოდების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერი გააკეთოს. როგორც ბერძნული გამოცემა Ekathimerini წერს, ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იორგოს კატრუგალოსმა განაცხადა.
„ეს პატარა პრობლემები არ არის და ამ ეტაპზე სკოპიე უარს აცხადებს. ბურთი მათ მოედანზეა“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისნისტრის თქმით, შეთანხმების მისაღწევად საჭიროა, მეორე მხარე დათმობაზე წავიდეს. როგორც იორგოს კატრუგალოსმა აღიშნა, მაკედონიის კონსტიტუციის გადახედვა საბერძნეთის კიდევ ერთი მოთხოვნაა.
თებერვლის დასაწყისში მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაკედონია მზად არის, საბერძნეთთან დავის დასარეგულირებლად ქვეყნის სახელწოდებას გეოგრაფიული დაზუსტება დაამატოს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სახელწოდებად რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონია, ახალი მაკედონია და ზემო მაკედონია.
მაკედონიის სახელი სკოპიესა და ათენს შორის უკვე 27 წელია დავის საგანია. უთანხმოების გამო საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.