საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადამ შესაძლოა, 2030 წლამდე გადაიწიოს
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა შესაძლოა, 2030 წლამდე გადავადდეს და ბაღების ავტორიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოფს. შესაბამისი ცვლილებები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტში ვადების გადადების მიზეზად ის არის დასახელებული, რომ მუნიციპალიტეტებისთვის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რის გამოც, დღის წესრიგში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის გადავადების საკითხი დადგა. კანონპროექტით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე.
ამასთან, პროექტით, 2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის საინფორმაციო სისტემის ბაზა შეიქმნება, სადაც ბაღები დარეგისტრირდებიან, ასევე, შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები. გარდა ამისა, 2023 წელს დაგეგმილია ელექტრონული თვითშეფასების პლატფორმის შექმნა და საქართველოში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით.
2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი, ბაღების მხარდაჭერა კი, მათი საჭიროებების მიხედვით მოხდება.