საბა ბუაძე - ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედში“ მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე ორგანიზაცია თავად განაცხადებდა ანგარიშში ხარვეზების შესახებ
საბა ბუაძე - ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედში“ მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე ორგანიზაცია თავად განაცხადებდა ანგარიშში ხარვეზების შესახებ

​„ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს ოპოზიცია „ისფედის“ პარალელურ დათვლას ეყრდნობოდა როდესაც გაყალბებაზე საუბრობდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, თუ საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედში“ მიმდინარე პროცესების შესახებ, ვიდრე ეს ორგანიზაცია თავად განაცხადებდა ამ ანგარიშში არსებულ ხარვეზებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს  ისე წარმოაჩინოს, თითქოს ოპოზიცია როდესაც გაყალბებაზე საუბრობდა, „ისფედის“ პარალელურ დათვლას ვეყრდნობოდით. ასე არ არის, ვინაიდან „ისფედის“ პარალელური დათვლა ითვლის ოქმებს და არა ბიულეტენებში არსებულ რეალურ შედეგებს. ამის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციაზე იერიშს, მათი განცხადებები და ბოლო დროინდელი რიტორიკა იყო ამისი კიდევ ერთი დადასტურება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ის, თუ საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ „ისფედში“ მიმდინარე პროცესების შესახებ, ვიდრე ეს ორგანიზაცია თავად განაცხადებდა ამ ანგარიშში არსებულ ხარვეზებს.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემურია ამ ანგარიშში არსებული ხარვეზი, ის, თუ რატომ დატოვა თანამდებობა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ამაზე თავად ორგანიზაციამ და ამ ადამიანებმა უნდა გააკეთონ კომენტარები.

ნებისმიერ შემთხვევაში „ისფედი“ არის მაღალი სანდოობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და აკვირდება საქართველოში არჩევნებს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა “ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.