საბა ბუაძე - სამწუხაროა, როდესაც მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის დასკვნაში ცვლილებები შედის არჩევნებიდან 41 დღის თავზე და ამის ინიციატორი არის მმართველი ძალა
პარალელური დათვლის შედეგები ეფუძნება იმ უკვე გაყალბებულ ოქმებს, რომლითაც „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებზე მანიპულაციას ახდენდა, ამიტომაც, ამას რეალური სურათის შეცვლა ჩვენთვის არ შეუძლია, ვინაიდან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ აღნიშნა.
როგორც საბა ბუაძემ განაცხადა, არჩევნები რომ ტოტალურად გაყალბდა, ამას ადასტურებს სხვადასხვა წყარო, მათ შირის „ისფედი“ ანგარიში, სადაც ოქმების დისბალანსზე და 8-პროცენტიან ცდომილებაზე არის საუბარი.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის ძალიან კრიტიკულ და მნიშვნელოვან დასკვნაში შედის ცვლილებები არჩევნებიდან 41 დღის თავზე და ამ ყველაფრის მთავარი ინიციატორი არის მმართველი ძალა, რომელიც ძალიან არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ცდილობდა ამ ორგანიზაციაზე რაიმე ფორმით ზეგავლენის მოხდენას. ეს ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა. დიდი ალბათობით ეს ინფორმაცია ჰქონდა ფარული მიყურადების შედეგად მიღებული, რის გამოც მიდიოდა ამ პროცესის ფორსირება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ხელისუფლების მხრიდან არაჯეროვანი ჩარევა ამ პროცესში არის ნათელი, ვინაიდან „ქართული ოცნება“ უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, ამ ორგანიზაციის დასკვნაში გამოეწვია ზუსტად ეს ცვლილებები. ეს ყველაფერი მოხდა წინასწარ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ჰქონოდა ფარული მიყურადების გარეშე“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.