საბა ბუაძე - კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბოიკოტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს უწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსება, ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს
„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ბოიკოტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს უწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსება, ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ევროპელი მედიატორების ჩართულობით მიღწეული შეთანხმების დარღვევის მცდელობებს.
„გუშინ, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის ივნისში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბოიკოტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს უწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსება. ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული პირდაპირ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უკან უნდა გაეწვია აღნიშნული კანონპროექტი.
„ოცნების“ ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა ვენეციის კომისიის უპრეცედენტოდ მწვავე შეფასება, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტში არსებული ცვლილებები შეფასდა როგორც „გადაჭარბებული, არაპროპორციული და მეტისმეტად აგრესიული“.
შეთანხმების ხელმოწერიდან მოკლე პერიოდში „ქართული ოცნება“ უკვე მერამდენედ ცდილობს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების რევიზიას. ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა არ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს ისედაც მწვავე პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა“, – განაცხადა ბუაძემ.
საბა ბუაძე მმართველ გუნდას მოუწოდებს, შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა.
„ამნისტიის კანონის მიზნისა და შინაარსის დამახინჯების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩების საჯარო მიმართვის მიუხედავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ წევრების დანიშვნის გამართლების შემდეგ, მესამედ ხდება ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა, რაც პირდაპირ უთხრის ძირს ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას და საქართველოში სტაბილური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტების განხილვა და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.