საბა ბუაძე - IRI-ის კვლევაში ცალკეული რეიტინგები არ შეიძლება, ასახავდეს ადეკვატურ მოცემულობას ახლა, როცა ვითარება მწვავეა, თუმცა ამ კვლევითაც დადასტურდა, რომ ოპოზიციას ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი მხარდაჭერა აქვს
საბა ბუაძე - IRI-ის კვლევაში ცალკეული რეიტინგები არ შეიძლება, ასახავდეს ადეკვატურ მოცემულობას ახლა, როცა ვითარება მწვავეა, თუმცა ამ კვლევითაც დადასტურდა, რომ ოპოზიციას ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი მხარდაჭერა აქვს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, პოლიტიკურ კრიზისში, ახლა ცალკეული პარტიების რეიტინგების გაზომვა კონტპროდუქტიულია და ადეკვატურ შედეგს არ მოიტანს.

საბა ბუაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანი არის ამ კვლევებიდან ტენდენციების ამოღება, ის, თუ რა მოსწონს ხალხს და როგორი არის დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ამ კვლევაში არსებული ცალკეული რეიტინგები, ახლა, როდესაც სიტუაცია არის ძალიან მწვავე, არ შეიძლება, ასახავდეს ადეკვატურ მოცემულობას. თუმცა ის, რომ ოპოზიციას აქვს ჯამში უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, ამ კვლევითაც დადასტურდა, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 18 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ კი სამი პროცენტი.

ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტულ პარტიას“ – ორი პროცენტი, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი. არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.