საბა ბუაძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან კორდონის გარღვევის მცდელობა არ დაუნახავს
„ქართულმა ოცნებამ“ გამოიყვანა სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და რობოკოპები, ამას მოჰყვა ის, რომ საზოგადოება დაიძაბა, ამის მიუხედავად, პროტესტი არის მშვიდობიანი, აუღელვებელი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.
„მე თვითონ ვიდექი აქ, ჭიჭინაძის ქუჩაზე, თუმცა ხალხის მოზღვავება გამოიწვია იმან, რომ აბსოლუტურად ყველანაირი გაფრთხილების გარეშე „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყვანა სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და რობოკოპები. ამას მოჰყვა ის, რომ საზოგადოება დაიძაბა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, პროტესტი არის მშვიდობიანი, აუღელვებელი. აქ ხალხი ჰიმნს ასრულებს და ყველამ კარგად იცის, რისთვის ვართ მოსული, მშვიდობიანი ფორმით ამ რუსულ სპეცოპერაციას ვეწინააღმდეგებით და ასეც გაგრძელდება“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.
მომიტინგეების მხრიდან კორდონის გარღვევის მცდელობის შესახებ დასმულ კითხვაზე ბუაძემ აღნიშნა: „მე მსგავსი არაფერი დამინახავს“.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ძირითადად ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. აქცია თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები ჯებირებისა და პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენასთან მისვლას ცდილობდნენ.