საავტომობილო საწვავის ნორმების დარღვევაზე ჯარიმის შემდეგ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული
საავტომობილო საწვავის ნორმების დარღვევაზე ჯარიმის შემდეგ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული

საავტომობილო საწვავის ნორმების დარღვევაზე ჯარიმის დაკისრების შემდეგ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ ერთად საკანონმდებლო პაკეტის სახით წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლებრივ ქმედებად დაკვალიფიცირდება ადმინისტრაციულად სახდელდადებული პირი იმ ქმედებისთვის, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტის, წარმოების ან მიწოდებისთვის, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს და კვლავ ჩაიდენს იგივე ქმედებას განმეორებით.

პროექტით განისაზღვრება, რომ ამგვარი ქმედებისთვის განისაზღვრება სასჯელი ჯარიმით და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ასევე, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

„დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ამგვარი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით. მხოლოდ სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან. ვინაიდან, საგრძნობლად მომრავლდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები, განსაკუთრებით ბოლო წლებში იმრავლა დარღვევების რიცხვმა (მიწოდების). ამგვარად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჭიროა დადგეს, როდესაც პირი სახდელდადებული იქნება ამავე ქმედებისათვის და იგი განმეორებით ჩაიდენს იგივე ქმედებას ან ამავე ქმედებისათვის იქნება ნასამართლევი”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან დეპუტატები კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, სულხან მახათაძე, გურამ მაჭარაშვილი, გოგა გულორდავა და გიორგი გაჩეჩილაძე.