საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა 60-დან ცხრა კილომეტრამდე შემცირდება
ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის ათკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.
„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით. პრომეთეს მღვიმედან 60 კილომეტრის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 9 კილომეტრის გავლით იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.