საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნორისხევზე ნაპირსამაგრი კედლის პროექტირება მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნორისხევზე ნაპირსამაგრი კედლის პროექტირება მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე აცხადებს, რომ ნაპირდაცვითი სამსახური ყოველწლიურად საქართველოში არსებული დაახლოებით 26 ათასი მდინარის მონიტორინგს ატარებს. მისი თქმით, ასეთივე მონიტორინგი ტარდება ნორისხევზე.

„კონკრეტულად, ნორისხევზე 2015-დან 2018 წლამდე ყოველწლიურად ხდებოდა მონიტორინგი, გამოვლენილი იყო კერები, რომელსაც მომატებული რისკი ჰქონდა და მდინარის ორივე მხარეს აშენდა დაახლოებით 300 მეტრი კედელი. 2018 წლის მონიტორინგმა დამატებითი კერები გამოკვეთა. მოგეხსენებათ, მდინარე ხან კალაპოტს იცვლის, ხან მეტი ნატანი ჩამოდის. ამიტომ, მონიტორინგის შედეგები ყოველწლიურად განსხვავდება. 2018 წლის მონიტორინგიდან გამოვლინდა, რომ დაახლოებით 120 მეტრის სიგრძის კედლის მოწყობაა აუცილებელი. სატენდერო პროცედურები პროექტირებაზე დასრულებულია. ახლა კეთდება პროექტირება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი. წლის ბოლომდე აღნიშნული სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ციბაძემ.

ნორიხევის აგარაკების მცხოვრებლებმა დღეს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს. მათი თქმით, უხვი ნალექის გამო, მდინარე ნორიხევი ადიდდა და სახლები და ეზოები დატბორა.