საარჩევნო უბანზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ უკეთია პირბადე და ხელებს არ დაიმუშავებს სადეზინფექციო ხსნარით
საარჩევნო უბანზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ უკეთია პირბადე და ხელებს არ დაიმუშავებს სადეზინფექციო ხსნარით

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეებს განსხვავებულად უწევთ არჩევნებში ხმის მიცემა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა ამომრჩეველთათვის ხმის მიცემის პროცედურა და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობის სპეციფიკა.

საარჩევნო უბანზე პირი არ დაიშვება, თუ მას არ უკეთია პირბადე და ხელებს არ დაიმუშავებს სადეზინფექციო ხსნარით.

ამომრჩეველი ვალდებულია, უბანზე ორჯერ დროებით მოიხსნას პირბადე – პირველად ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის, როდესაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობას წარადგენს, (თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში) და მარკირების შემოწმების გავლის შემდეგ, უკვე მეორედ, ამომრჩეველმა ნიღაბი უნდა მოიხსნას რეგისტრატორთან, რომელმაც მოქალაქის მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიასთან შესაბამისობა უნდა შეამოწმოს. ამომრჩეველი, რომელიც არ მოიხსნის პირბადეს, ვერ მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს. პირბადის გამოყენება არ მოეთხოვა პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო, უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. ამომრჩეველი ვალდებულია, დაიცვას პირბადის ტარების განსაზღვრული წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გააფრთხილებენ და თუ გაფრთხილების მიუხედავად, ის მაინც არ გაიკეთებს პირბადეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოქალაქეს შენობა დაატოვებინოს.

კენჭისყრის დღის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ცესკო-ს სპეციალურ დადგენილებაშია გაწერილი. კენჭისყრის დღეს შენობაში შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის საშუალება), ისევე როგორც კენჭისყრის შენობის შესასვლელთან განთავსებული უნდა იყოს ხელის სადეზინფექციო ხსნარი. ამომრჩევლებს უბანზე დახვდებათ ინდივიდუალური საწერი კალამი, რომელსაც მოქალაქე რეგისტრატორთან აიღებს, ამავე კალმით დაადასტურებს საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამავე კალმით ისარგებლებს ბიულეტინის შემოხაზვისას და ხმის მიცემის შემდეგ, ამ კალამს კენჭისყრის შენობაში განთავსებულ სპეციალურ კონტეინერში მოათავსებს. ამომრჩეველი ხელებს იმუშავებს უბნიდან გასვლის შემთხვევაშიც, მას შემდეგ, რაც კონვერტს საარჩევნო ყუთში მოათავსებს. კენჭისყრის კაბინები განთავსდება ისე, რომ კედლის მხარეს კაბინა იქნება ღია, ფარდის გარეშე, ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. ამომრჩევლის ნაკადის მოწესრიგებას უზრუნველყოფს კომისიის წევრი, რომელმაც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა ამომრჩეველთა შორის, არ დაუშვას სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლა დროებით შეაჩეროს. უბანზე მისულ ამომრჩეველს ტემპერატურას არ გაუზომავენ.

თერმოსკრინინგს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები გაივლიან, რომლებიც 37 გრადუსი ტემპერატურის დაფიქსირებისა და ხუთი წუთის შემდეგ, ტემპერატურის გადამოწმების შემთხვევაში, შენობაში არ დაიშვებიან. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უბანზე იმუშავებენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. ცესკო-ს დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირები (კარის სახელურები, სამუშაო მაგიდის ზედაპირები და აშ.) სამ საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია, დაბინძურების შესაბამისად კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ, ბიულეტენების დათვლისას, მთვლელები მაგიდასთან ისე უნდა განთავსდნენ, რომ ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩდნენ. კენჭისყრის შენობაში უფლების მქონე დანარჩენი პირებმა ადგილი უნდა დაიკავონ მთვლელებისგან ორი მეტრის მოშორებით, ისე რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე შეძლონ დაკვირვება. დღეში რამდენჯერმე უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის ბუნებრივი ვენტილაცია. კენჭისყრის დღეს, შენობები უზურუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დამლაგებლებით, პირბადეებით, დამცავი ფარებით და ერთჯერადი ხელთათმანებით. საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, კენჭისყრის შენობა უნდა დალაგდეს და დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.