„საარჩევნო კოდექსით“, მედიასაშუალებებს არ ექნებათ ვალდებულება, აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლებზე ინფორმაცია წარუდგინონ
„საარჩევნო კოდექსით“, მედიასაშუალებებს არ ექნებათ ვალდებულება, აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლებზე ინფორმაცია წარუდგინონ

„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, მედიასაშუალებებს ვალდებულება არ ექნებათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინონ.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, აღნიშნული ვალდებულების თაობაზე ჩანაწერი პროექტში აღარ იქნება.

„საარჩევნო კოდექსი“ არსებითად იგივე სახით იქნება წარმოდგენილი, როგორც იყო პირველი მოსმენის შემთხვევაში. აუდიტის ნაწილში გვაქვს დაზუსტება. როგორც მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებს ეკისრებოდათ ვალდებულება, აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ ინფორმაცია სარეკლამო შემოსავლების თაობაზე. ეს იყო უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაცია, თუმცა, დღეს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი წინადადებების საფუძველზე, გადავწყვიტეთ, ეს პუნქტი აღარ ავსახოთ კოდექსში. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

„საარჩევნო კოდექსი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ცვლილებების განხილვა ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მოხდება.