სააპელაციო სასამართლო სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმის განხილვას იწყებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმის განხილვას იწყებს. მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.
არასრულწლოვანი გოგონა 2016 წლის იანვარში გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობდა.
მოსამართლის მხრიდან ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობას დაღუპულის ოჯახის ადვოკატი უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც მერი დაუშვილი აცხადებს, ლიპარტელიანი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და დიდი სიჩქარით სრიალებდა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ამ საკითხზე სასაუბროდ, დაუშვილი გარდაცვლილის დედასთან ერთად დღეს, პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს.
„ბრიფინგი იმართება სალომე ტატიშვილის საქმეზე, რათა ჩვენ დავაფიქსიროთ ყველა ის ხარვეზი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიცავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენი შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა შესაძლებლობას, რომ პირი, რომელიც ზურგიდან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და ჩქარი სრიალის ტემპით დაეჯახა სალომეს და გამოიწვია სასიკვდილო შედეგი, გამტყუნებულიყო და დამდგარიყო და მასზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოსამართლის ერთ-ერთი არგუმენტი, რომ თხილამურებით სრიალი თავის თავში მოიცავს სასიკვდილო რისკსაც, სრულიად არამართებულია იმიტომ, რომ ის არ არის სპორტის ისეთი სახეობა, რომელიც ამგვარი ტიპის ტრავმებსა და სასიკვდილო შედეგსაც ითვალისწინებს“, – განაცხადა მერი დაუშვილმა.
სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაღუპული გოგონას ოჯახი და ახლობლები გეგმავენ აქციას, სახელწოდებით – „სამართლიანობისთვის სალომეს სახელით“.