გუდაურში გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედა - უზენაესი სასამართლოს განაჩენი უნდა აღსრულებულიყო, ბრალდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი, შემდეგ გააგრძელოს ცხოვრება
გუდაურში გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედა - უზენაესი სასამართლოს განაჩენი უნდა აღსრულებულიყო, ბრალდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი, შემდეგ გააგრძელოს ცხოვრება

განაჩენი, რომელიც გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ, უნდა აღსრულებულიყო, ბრალდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გუდაურში დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის დედამ, ნინო ჟვანიამ განაცხადა.

როგორც ნინო ჟვანიამ განმარტა, გიორგი ლიპარტელიანი ქვეყნის უზენაესმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო და განაჩენის აღსრულებას ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა.

„უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციოს გადაწყვეტილება. ეს მოხდა შარშან. წელიწადზე მეტი გავიდა ეს ადამიანი არ იმყოფებოდა საქართველოში და არ ესწრებოდა პროცესებს მეორე ინსტანციაში. შესაბამისად, მასზე ძებნა გამოცხადდა. დღეს ჟურნალისტებისგან გავიგე ექსტრადირებაზე ინფორმაცია. განაჩენი, რომელიც გამოტანილი იყო უზენაესი სასამართლოს მიერ, უნდა აღსრულებულიყო და მან სასჯელი უნდა მოიხადოს,  შემდეგ გააგრძელოს ცხოვრება. ის, რაც ეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში, არის სამარცხვინო. მოსამართლე ქვეყნის სახელით ასეთი აბსურდის დაწერას არ უნდა ბედავდეს. ჩემი პასუხია მეორე და მესამე ინსტანციის გადაწყვეტილებები. უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეს წერტილი დაუსვა“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ძებნილის, გიორგი ლიპარტელიანის ექსტრადირება განხორციელდა.

გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას, გ.ლ.-მ უგულველყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.