სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება 72 საათში უნდა შეეფარდოს
სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება 72 საათში უნდა შეეფარდოს

სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს 72 საათის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.

„წესით, ასე უნდა იყოს. თუმცა ამ საქმეში ვერავინ ვერაფერს გეტყვის დაზუსტებულად, რადგან გამომძიებლები საპროცესო კანონმდებლობას არ იცავენ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტების მიღება – კერძოდ დაკავების ოქმის, ბინის ჩხრეკის დადგენილების.

ბოგომაზოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირველი მცდელობის შემდეგ, მისი დაცვის მხარეს ოფიციალური დოკუმენტები არ მიუღია.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო კიევის პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში გაიმართება, რადგან საქმეს გენერალური პროკურატურა აწარმოებს.

სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა.