საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიმდინარე პროცესზე ადვოკატების აცილება მოითხოვა.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, რომ სააკაშვილი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.
„საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ნათქვამია, რომ მერაბიშვილს მოსთხოვეს სააკაშვილზე ჩვენების მიცემა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილზე ხდება პოლიტიკური დევნა. პროცესები მიმდინარეობს დაჩქარებულად. ასევე, უკრაინაში მიმდინარე სხდომები – ლუცენკოს განცხადება, რომ თუ ახალ წლამდე სააკაშვილი არ დატოვებს უკრაინას, მოხდება მისი ექსტრადირება. ეს იმის დასტურია, რომ ხდება მისი პოლიტიკური დევნა. მიხეილ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და ასევე, არაა თანახმა, მას იცავდეს ადვოკატები. თანახმაა, რომ სახელმწიფომ დანიშნოს ადვოკატები“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება, სადაც სააკაშვილს მისი ადვოკატები არ დაიცავენ.
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.