მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც ექს-პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 24 ნოემბერს, ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში გირგვლიანის საქმეზე არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიეცა. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ვანო მერაბიშვილის მიმართ და უფლებამოსილების გადამეტებისთვის მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2006 წელს გასამართლებულთათვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნაში სასამართლომ ბაჩანა ახალაია ამხილა. დაუსწრებლად წარედგინა ბრალი გერონტი ალანიას. საპატიმრო დაწესებულებაში 2 წელი გაატარა დავით ქოქიაშვილმა, რომელიც იმ მანქანას მართავდა, რომლითაც გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანაში აღმოჩნდნენ.

პასუხისგებაში მიეცა ოლეგ მელნიკოვი, რომელიც პირველი იყო ვინც შინაგან საქმეთა და იუსტიციის ყოფილი მინისტრები და ექსპ-პრეზიდენტი სააკაშვილი ამხილა.