სააგენტო „ბელტა“ ბელარუსში „მასობრივი არეულობის კოორდინატორების“ დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სააგენტო „ბელტა“ ბელარუსში „მასობრივი არეულობის კოორდინატორების“ დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ „მასობრივი არეულობის კოორდინატორების“ დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული სასტუმრო „ბელარუსის“ მე -17 სართულზე მდებარე ნომრიდან აქციებს კოორდინირებას უწევდა.

სააგენტო წერს, რომ დაკავებული მამაკაცი მის დაქვემდებარებაში მყოფ სამ პირს მართავდა, ისინი კი თავის მხრივ, ასობით ადამიანს ხელმძღვანელობდნენ.

გარდა ამისა, სააგენტო „ბელტა“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნდობით იუწყება, რომ სამართალდამცველებმა მინსკში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც მასობრივი არეულობის მონაწილეებს ფულს ურიგებდა.

შსს-ს განცხადებით, დაკავებისას მამაკაცმა სამართალდამცველებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, მის ზურგჩანთაში კი აღმოჩენილია  ათი ათას დოლარზე მეტი.

შეგახსენებთ, ბელარუსში უკვე სამი დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დროს დაკავებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით ჟურნალისტი. დემონსტრანტები ცხრა აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.