რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს საქართველოზე ზეწოლისკენ მოუწოდა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბიბილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე დაძაბულობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პირდაპირი მოვალეობაა.
„ყველა პრობლემური ნაბიჯი, რომელიც განხორციელდა, გადაიდგა საქართველოს მხრიდან. ერთ ღამეში ისინი მოვიდნენ და დადგეს პოსტი საზღვარზე. მოგმართავთ დაჟინებული თხოვნით, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. საზღვართან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა თქვენი პირდაპირი მოვალეობაა, საზღვარზე გამშვები პუნქტების დაკეტვა მთლიანად უკავშირდება საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
ბიბილოვის თქმით, ქართული ბლოკ-საგუშაგოს გაუქმება მოხსნის ყველა პრობლემას, რომელიც დაძაბულობის დეესკალაციის შემდეგ შეიქმნა.
როგორც რუსული მედია წერს, ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს საქართველოზე ზეწოლისკენ მოუწოდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„ამ დოკუმენტისთვის დროულად რომ მოგვწერა ხელი, საზღვარზე ეს დაძაბული სიტუაცია არ იქნებოდა“, – აღნიშნა ბიბილოვმა.