რუსული მედიის ინფორმაციით, დაღესტანში თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 46 ადამიანი
დაღესტანში თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. თავდასხმების შედეგად კი, საერთო ჯამში, 46 ადამიანი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შვიდი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზოგიერთი დაშავებული მკურნალობის გასაგრძელებლად, შესაძლოა, დაღესტნის ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანონ. დაღუპულთა შორის არიან სამართალდამცველები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი სასულიერო პირი.
რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელთაგან ხუთი მოკლეს. მათი ვინაობა უკვე დადგენილია. სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“, „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანის“ და „ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობის“ მუხლებით აღიძრა.
შეიარაღებული პირები 23 ივნისს დაღესტანის ქალაქ მახაჩყალაში და ქალაქ დერბენტში თავს დაესხნენ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციის საგუშაგოს. დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.