რუსული მედიის ცნობით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს
რუსული მედიის ცნობით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა.

ვოლვაჩის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ეკონომიკურ ფორმატზე გადავლენ და რუსულ სუბსიდიებზე დამოკიდებულებას შეამცირებენ.

„მე მივეცი დავალება თანამშრომლებს და ვეუბნები რესპუბლიკის ხელმძღვანელობას: ახლა ჩვენ თქვენთან დავალება გვაქვს, რომ თქვენ ამიერიდან ჩვენგან კი არ მიიღოთ, არამედ პირიქით, დაიწყოთ და ნელ-ნელა ნაკლებ დამოკიდებული გახდეთ ჩვენზე. უფრო სწორად, ჩვენ გვსურს, ეტაპობრივად შევამციროთ გამომუშავებული გადასახადების გათანაბრება, მაგრამ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ხელფასები არ დავარდეს. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური ზრდით და ამიტომ ჩვენ გვსურს, მათ მთლიანი შიდა პროდუქტი გაეზარდოთ, რათა საბიუჯეტო უზრუნველყოფაც გაიზარდოს, რუსულ სუბსიდიებზე დამოკიდებულება კი, პირიქით – შემცირდეს. მაგალითად, რესპუბლიკაში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის თვალსაზრისით, თანადაფინანსების წილი ეტაპობრივად შემცირდება 2022 წლის 85%-დან 2025 წლისთვის 15%-მდე. ამის მიღწევა როგორ უნდა მოხდეს? საჭიროა ინვესტორების მოზიდვა, მით უმეტეს, რომ მათი ინტერესი რესპუბლიკის მიმართ ყოველ წელს იზრდება, მაგრამ მანამდე საჭიროა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, ინვესტორების მოზიდვა, საბაჟო რეგულირების გამარტივება და საგადასახადო რეგულირების გაუმჯობესება. ყველაფერი, რაც რუსეთში არის საუკეთესო, იყო გაკეთებული იმისთვის, რომ პოტენციურ ინვესტორებს უფლების თვალსაზრისით გარანტიები ჰქონდეთ. შემდეგში არიან ისინი, ვინც იქ მუშაობენ და იხდიან გადასახადებს. ეს გადასახადები რესპუბლიკის ბიუჯეტში შედის და ამ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე ვითარდება ეკონომიკა“, – განაცხადა ვოლვაჩმა.