რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მის მებრძოლებს იარაღსა და საბრძოლო მასალას დაჰპირდნენ
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მის მებრძოლებს იარაღსა და საბრძოლო მასალას დაჰპირდნენ.
პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერელები“ ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო შეიარაღებას და საბრძოლო მასალას მიიღებენ და თავდაცვის სამინისტროსთან ამასთან დაკავშირებით დიალოგს კურირებას გაუწევს რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი სერგეი სუროვიკინი.
„ჩვენ დაგვპირდნენ, რომ მივიღებთ საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად საჭირო შეიარაღებას და საბრძოლო მასალას. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბახმუტთან შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ისე, როგორც გვსურს“, – ამბობს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი.
მანამდე პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები 10 მაისს დატოვებენ ბახმუტთან პოზიციებს და გადავლენ „ზურგში მდებარე ბანაკებში“, რათა „ჭრილობები მოიშუშონ და შეინარჩუნონ პირადი შემადგენლობა“. მან ასევე განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ საბრძოლო მასალა არ ჰყოფნით.
მოგვიანებით, ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გაუგზავნა მოთხოვნა ვლადიმირ პუტინს, რომ ბახმუტთან პოზიციებზე „ვაგნერის“ მებრძოლები ჩეჩნური სპეცრაზმის, „ახმატის“ წევრებმა ჩაანაცვლონ.
ამასთან, კადიროვი თავის მიმართვაში მოითხოვს პრიგოჟინისგან, რომ „ვაგნერელებმა“ დაიცვან პოზიციები, ვიდრე ადგილზე ჩეჩნური სპეცრაზმის წევრები ჩავლენ.