რუსუდან მანჯგალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა
რუსუდან მანჯგალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიადირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ პასუხისმგებლობაში იგულისხმება ისიც, რომ როდესაც კონტრაქტს ხელს აწერ, შენ გარკვეულ ვალდებულებებს იღებ შენს თავზე. მათ შორის, ჩამონათვალს, რომელიც არის, რომ ადამიანი არ უნდა შეურაცხყო, რომ მას უხამსად არ უნდა მოექცე, არ წააქეზო, არ გაავრცელო ცრუ ინფორმაცია და ა.შ. აბსოლუტური პასუხისმგებლობით შემიძლია, ვთქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული თანამშრომელი ისედაც ითვალისწინებს, გარდა იმისა, რომ მას ევალება ეს ყველაფერი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს. ამდენად, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიკალურად განსხვავდება იმ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომელიც წლების წინ იყო.

„ბოლო წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებელი დგება ფეხზე. გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების მანძილზე ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას. მოგეხსენებათ, ის იყო ერთი სამთავრობო არხი. ხშირ შემთხვევაში ახლის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე რაღაცის გადაკეთება, თუმცა ბოლო წლების მანძილზე, ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ის, რომ ნელ-ნელა მაყურებელი ჩვენკენ შემოვატრიალეთ; ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა და ამ მონაპოვარს ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენ ვიცავთ პრინციპებს და ვცდილობთ, ყოველდღიურად უკეთ და უკეთ დავიცვათ ეს პრინციპები, უფრო გავაცნობიეროთ, სად ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ და რა ვალდებულებები გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო და უფრო მეტ ადამიანში იწვევს ნდობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ეს ნდობა ნამდვილად ყოველდღიურად მატულობს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რუსუდან მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მედიასაშუალება ადამიანს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებას უყენებს, ეს კატასტროფაა.

„ხშირ შემთხვევაში ყოფილა, როდესაც მედია ბუად არის გამოყენებული, რომელმაც შეიძლება, აბსოლუტურად გაგანადგუროს, შენი პიროვნება წაშალოს და აღარაფრის სურვილი აღარ გაგიჩნდეს. ანუ, მედია ერთგვარი ბერკეტია არაწესიერი ადამიანების ხელში, რომელსაც ისე იყენებენ, როგორც, წესით, არ უნდა იყენებდნენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, არავინ არავის არ უნდა მისცეს უფლება, რომ მედიის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ თუ ვინმეს უნდა მედიის შეზღუდვა, ის აუცილებლად იპოვის გზას.

„ამ შენობას ძალიან ბევრი რამ ახსოვს. მაგალითად, შორეულ წლებში ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არსებობდა ერთთვიანი კონტრაქტები და როდესაც შენ არ გააკეთებდი ისე, თვის ბოლოს, უბრალოდ, კონტრაქტს გასდიოდა ვადა და ასე უშვებდნენ სამსახურიდან. მაგალითად, მე და გოგა ჩართოლანი ერთი ბრძანებით ერთ დღეს გაგვიშვეს აქედან, რადგან არ გავაკეთეთ ის, რა მოთხოვნაც იყო; ასევე ძალიან კარგად გვახსოვს ამ სტუდიის წინ ჩაფხუტასხმული სპეცრაზმელები, რომლებიც მედიას იცავდნენ, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი სტუდიაში ისე არ საუბრობდა, მაშინ ცოტა სხვანაირი რეაქციები ჰქონდათ. ჩვენ ძალიან ბევრნაირი ხერხი გვახსოვს. მე ამ სფეროში ძალიან დიდი ხანია ვარ, მათ შორის, „იმედში“ 7 ნოემბრის პერიოდში ვიყავი და ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად ვაფასებ თავისუფლებას. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში არის აბსოლუტურად თავისუფალი გარემო. ამ თავისუფალ გარემოს და ამ მრავალფეროვან საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დღეს არის და რომელიც თითოეული ჩვენგანის მონაპოვარია, მოფრთხილება სჭირდება, რადგან ის პირველ ნაბიჯებს დგამს და პატარა ბავშვივით არის, მაგრამ სწორ გზაზე მიდის და მას სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხრიდან ძალიან მოფრთხილება სჭირდება“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.