რუსუდან ფხაკაძე - მოძალადისა და მსხვერპლის გარჩევა რთულია თუნდაც იმიტომ, რომ მსხვერპლი შემდეგში თვითონაც მოძალადე ხდება
ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი იყო, ვინც ოჯახურ ძალადობაზე საუბარი დაიწყო და შექმნა მოდელი, რომ ძალადობის მსხვერპლისთვის იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ყველანაირი დახმარება ხელმისაწვდომი გამხდარიყო, – ამის შესახებ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან ფხაკაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„90–იან წლებში, როცა ამ საკითხზე საუბარი დავიწყეთ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თამარ მეფე გვყავდა, ქართველი ქალის, დედის განსაკუთრებული პატივისცემა ვიცით და რომელ ოჯახურ ძალადობაზე ვლაპარაკობდით. დღეს მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისი თქმით, ხშირად, საკანონმდებლო ცვლილებები თავისი გზით მიდის და საჭიროა, ის უშუალოდ მსხვერპლის ინტერესების დაცვაზე იყოს აგებული.
„არსებობს ბევრი ფაქტორი, მაგალითად, საკუთრების ფაქტორი, რომელიც ოჯახში ძალადობას აძლიერებს და ესკალაციას უკეთებს, რადგან თუ ოჯახში მოძალადე ქონების მესაკუთრეა, მას შეუძლია, თავისი ქონება განკარგოს და ბუნებრივია, ის მსხვერპლის არანაირ ინტერესს არ გაითვალიწინებს. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, როგორც წესი, ხშირად ისინი მამაკაცები არიან“, – განაცხადა ფხაკაძემ.
როგორც ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს, დღესაც უჭირს, მოძალადე და მსხვერპლი ერთმანეთისგან გაარჩიოს.
„მოძალადისა და მსხვერპლის ერთმანეთისგან გარჩევა ჭირს, თუნდაც იმიტომ, რომ მსხვერპლი შემდეგში თვითონაც მოძალადე ხდება, თუ მეუღლის მიმართ არა, ბავშვის, ან სხვების მიმართ მაინც. ეს ძალიან რთული და ერთმანეთში გადახლართული სისტემაა“, – განაცხადა ფხაკაძემ.
რუსუდან ფხაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისი კრიზისული ცენტრებით, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებით დახუნძლულია და არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთი ცენტრების ზუგდიდსა და თელავში გახსნაზე მუშაობს.