რუსთავში ციხის მშენებლობის სამუშაოებს აქციის მონაწილეებმა ხელი შეუშალეს და გზა გადაკეტეს [ფოტო/ვიდეო]

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს აქციის მონაწილეებმა ხელი შეუშალეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები სამშენებლო ტერიტორიაზე შევიდნენ და კომპანიის მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ტერიტორიიდან ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრის და ქალაქის ხელმძღვანელობის მისვლას ითხოვენ.

„არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით უკვე მეოთხე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.