რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ [ფოტო]
რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ [ფოტო]

რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. გმირთა მემორიალთან მოიხატა გლოვის სიმბოლო – ყაყაჩო და მასზე შესაბამისი ფერებით სანთლები განლაგდა. იქვე, მოლბერტებზე 8 აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი რუსთაველი ჯარისკაცის ფოტო განთავსდა.

ყაყაჩოს გარშემო ახალგაზრდებმა საეკლესიო სანთლებით ხელში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად ჰაერში ფრანები გაუშვეს. ღონისძიების ყველა მონაწილეს დამაგრებული აქვს ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი.

ღონისძიებას რუსთავის მერი და აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები ესწრებიან. აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. 11 წელია, დევნილად რჩება 30 000-მდე მოქალაქე.