საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – სულიკო დავითაშვილმა პოსტი გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, მის ნაცვლად კი თემურ მახარაძე დაინიშნა.
რუსთაველთა ახალი მთავარი მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც რუსთავის გუნდში წლების წინაც მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით 2010 წელს რუსთავის „ოლიმპი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.
თემურ მახარაძე მუშაობდა – თბილისის „დინამო 2-ში“, თბილისის „მერანში“, „ლოკომოტივში“, ბოლნისის „სიონში“, „ზესტაფონში“, გორის „დილაში“, „სასკოში“, „საპოვნელაში“. ბოლოს, 2016 წელს ლანჩხუთის „გურიას“ წვრთნიდა.
„რუსთავში“ მისი ასისტენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ისტორიული, პირველი მატჩის მონაწილე გიორგი ნადირაძე იქნება.
„რუსთავი“ 2019 წელს ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში გავარდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში საქმე იქაც ვერ ააწყო და 8 ტურში 10 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზეა. მახარაძე წლეულს „რუსთავის“ მესამე მწვრთნელია, სეზონი ვარლამ კილასონიამ დაიწყო, რომელიც სულიკო დავითაშვილმა შეცვალა, ახლა კი მახარაძე იმუშავებს.