რუსთავის საქალაქო სასამართლოში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი უძღვება.
ბრალდებულები ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი, დავით მიროტაძე, მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი დუღაშვილი, ასევე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ.
სამართალდამცავებმა დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ძებნილი ზურაბ ჯღარკავა კი, პოლიციამ 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, მდინარის პირას დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ჯღარკავა, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.
დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და მკვლელობა ედებათ ბრალად. შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მაშინდელი თანამშრომლები დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანური, ასევე ყოფილი სამართალდამცავი დიმიტრი დუღაშვილი ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში არიან ბრალდებული, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წარდგენილი.
35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს გასული წლის პირველი ოქტომბრიდან ეძებდა.