„რუსთავის“ კაპიტნის მოულოდნელი არჩევანი - დათა სიჭინავა „მერანში“ გადავიდა
სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე მარტვილის „მერანი“ მოულოდნელი ტრანსფერით მნიშვნელოვნად გაძლიერდა – ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ფავორიტმა „რუსთავის“ კაპიტანი და ლიდერი დათა სიჭინავა დაიმატა.
„ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი გუნდის მთავარი მწვრთნელი გაზაევია. მასთან კონფლიქტი არ მქონია. უბრალოდ, გაზაევი „რუსთავის“ სათამაშო სქემაში ჩემს ადგილს ვერ ხედავს. ნება მისია – არც ვაქებ და არც ვაძაგებ და გაცლა ვამჯობინე. მე თამაში მინდა და არა მხოლოდ ხელფასის აღება. რა დასამალია და გული მწყდება, რადგან „რუსთავისთვის“ ბევრი რამ გავაკეთე და მაინც წასვლა მომიხდა”, – ამბობს სიჭინავა.
სიჭინავამ „რუსთავის“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა – 29 წლის შემტევი ნახევარმცველი 2017 წელს ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სეზონის მოთამაშედ დაასახელეს. წელს კი სიჭინავას პოზიციები შეირყა. „რუსთავის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ გაზაევმა დათა სათადარიგოთა სკამზე დასვა და სამ ტურში მხოლოდ ერთხელ ათამაშა, ისიც – შეცლაზე.