100 გოლი ეროვნულ ლიგა 2-ში - სიჭინავა ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა #1TVSPORT
100 გოლი ეროვნულ ლიგა 2-ში - სიჭინავა ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურში დათა სიჭინავამ საიუბილეო გოლი გაიტანა – ბოლნისის „სიონის“ კაპიტანმა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა. მაგრამ მისი წარმატება ამით არ ამოიწურება.

ამის აღსანიშნავად, ბოლნისელთა 32 წლის შემტევ ნახევარმცველს სიმბოლური საჩუქარი დღეს, „გაგრასთან“ ტურის ცენტრალურ მატჩამდე „სიონის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯონი ჯაგიდისმა გადასცა.

დათა სიჭინავას ეროვნულ ლიგა 2-ში ბევრი კარგი სეზონი ჩაუტარებია, მაგრამ მიმდინარე სეზონი მისთვის მაინც ყველაზე გამორჩეულია – „სიონის“ შემტევმა 33 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და ამ შედეგით ლიგის ბომბარდირობისთვის იბრძვის.

ამდენივე გოლი გაიტანეს შეიკნე სილამ (მარტვილის „მერანი“) და გიორგი ხარებაშვილმა („გარეჯი“). სიჭინავა მხოლოდ „გაგრას“ თავდამსხმელს, თამაზ მაქაცარიას ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 21 გოლია.

მაგრამ ეროვნული ლიგა 2-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა შორის დათა სიჭინავა უდავო ფავორიტია. გერმანული სისტემით (გოლი+პასი) ის გამორჩეული ფეხბურთელია. „სიონის“ კაპიტანმა 20 გოლის გარდა 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, 30 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებს.

ეროვნული ლიგა 2-ის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი (გოლი+პასი)

დათა სიჭინავა – „სიონი“ 30 (20+10)

თამაზ მაქაცარია – „გაგრა“ 26 (21+5)

შეიკნე სილა – მარტვილის „მერანი“ 23 (20+3)

გიორგი ხარებაშვილი – „გარეჯი“ 22 (20+2)