ოფიციალურად – სენეგალის ნაკრებს აფრიკის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული დაუბრუნეს #1TVSPORT
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი დააკმაყოფილა და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, აფრიკის ერთა თასის 2025 წლის გათამაშების გამარჯვებულად მაროკოს ნაკრები გამოცხადდა.
2026 წლის 18 იანვარს რაბათში გამართული ფინალური შეხვედრა სკანდალურად წარიმართა. ძირითადი დროის მიწურულს მაროკოს სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო სენეგალელმა ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდნენ და მატჩი განახლდა.
ბრაჰიმ დიასმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, დამატებით დროში კი პაპ გეიემ გამარჯვების გოლი გაიტანა და სენეგალმა შეხვედრა 1:0 მოიგო.
17 მარტს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა სენეგალს ტექნიკური მარცხი (0:3) ჩაუთვალა და ჩემპიონად მაროკო გამოაცხადა. სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.
24 ნოემბერს CAS-მა სენეგალის მხარის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მოედანზე დაფიქსირებული შედეგი ძალაში დატოვა.
ამრიგად, სენეგალის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში აფრიკის ერთა თასი მეორედ მოიგო.