სიჭინავამ ეფექტურად გაიტანა, კორიფაძემ მეხუთე პენალტი გამოიყენა - „სიონმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
სიჭინავამ ეფექტურად გაიტანა, კორიფაძემ მეხუთე პენალტი გამოიყენა - „სიონმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა – საინტერესოა, რომ სამივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს და სტუმრებმა ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხეს.

გარეჯი – მერანი მრ (1:0)

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გამართული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 36-ე წუთზე, ბიჭიკო გედენიძის გადაცემით, თორნიკე მოსიაშვილმა გაიტანა და „გარეჯს“ გამარჯვება მოუტანა.

რუსთავი – ვიტ ჯორჯია (2:0)

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში შეკრებილ გულშემატკივრებს გოლის ლოდინი არ მოუხდათ. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე შეტევის შემდეგ გახსნეს – გიგა სამხარაძის პასით ბაჩუკი გოცაძემ პირველივე წუთზე გაიტანა. 67-ე წუთზე, ეროვნული ნაკრების წევრის, ოთარ კიტეიშვილის ძმამ, პაატა კიტეიშვილმა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სიონი – ჩიხურა 2:0

ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ ბოლნისელებმა მორიგი მატჩი მოიგეს. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა საჩხერეს „ჩიხურას“ წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე ტაიმის 54-ე წუთზე დაძლიეს, როდესაც დათა სიჭინავამ ანგარიში შორეული და ძალიან ეფექტური დარტყმით გახსნა.

68-ე წუთზე, ხორხელის მოპოვებული პენალტი გიორგი კორიფაძემ შეასრულა და „ჩიხურას“ კარი აიღო – „სიონმა“ 2:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კორიფაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მეხუთედ გაიტანა.

ბოლნისელთა გუნდი ლიგაში ერთადერთია, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს და 21 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. 13 ქულით მეორე ადგილზე „გაგრაა“, რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს.

ტურის დარჩენილი მატჩები 13 აპრილს გაიმართება.

დინამო ზგ – მერანი თბ

14:00. განმუხური

შევარდენი 1906 – გაგრა

15:00. კასპი