„რუსთავი 2“- ის შემოსავლების ნაწილი, 10 მილიონი ლარი მის მიერ დეკლარირებულ მონაცემებში არ აისახა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, შემოსავლების არაბუნებრივ გადანაწილებას სარეკლამო ბაზარზე ადგილი ჰქონდა 2015 წლის მეოთხე კვარტალშიც, თუმცა არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ეს 2017 წელს მოხდა.
მისი თქმით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში „რუსთავი 2“-მა შემოსავალის 10 მილიონმა ასახვა არ ჰპოვა მის მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ დეკლარირებულ მონაცემებში. ამას ტელეკომპანიების 2014-2015 წლების შემოსავლებისა და შეწონილი სარეიტინგო პუნქტების კვარტალურ ჭრილში ჩატარებული შედარებითი ანალიზი აჩვენებს.
„ანალიზით აღმოჩნდა, რომ განსხვავებით მაუწყებლების მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა, 2015 წლის სამი კვარტლის ჯამისა და მეოთხე კვარტლის ე.წ. wGRP–ის ტენდენცია ერთნაირია. ანუ, 2014-2015 წლების პირველი სამი კვარტლის შემოსავლები კორელაციაშია იგივე პერიოდის wGRP–თან, ხოლო მე–4 კვარტალი ამოვარდნილია საერთო სურათიდან. ანალიზით ასევე ირკვევა, რომ 2015 წლის მეოთხე კვარტლის სარეკლამო შემოსავლებში „ტელეიმედის“ მონაცემებში კლება არ შეინიშნება. ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის 2015 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავალი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 55%-ით, მაშინ როდესაც პირველი სამი კვარტალი გაზრდილია 3%-ით. თუ გავითვალისწინებთ გარემოებას, რომ „რუსთავი 2“-ის სამი კვარტლის მონაცემებსა და სხვა სატელევიზიო არხების შემოსავლების ტრენდის დინამიკაში ცვლილება არ მომხდარა, 2015 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია „რუსთავი 2“-ს სულ მცირე 10 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი უნდა მიეღო”,- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, დასკვნას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავლების კლება არ არის გაყიდული რეკლამის შეწონილი სარეიტინგო პუნქტების ე.წ. wGRP–ის დინამიკის პროპორციული.
„თუ გაყიდული რეკლამის მოცულობის დინამიკას შევადარებთ მის სანაცვლოდ მიღებულ შემოსავალს დავინახავთ, რომ გაყიდულ სარეკლამო მომსახურებას კვარტლების მიხედვით ახასიათებს ციკლურობა და მეოთხე კვარტალში შემოსავლები, ისევე, როგორც გაყიდული „wGRP” იზრდება, რაც არ მოხდა 2015 წლის მეოთხე კვარტალში მხოლოდ რუსთავი 2-ის შემთხვევაში. გაყიდული რეკლამის სტაბილური ტენდენცია მხოლოდ „რუსთავი 2“-ის 2015 წლის მე–4 კვარტლის შემოსავლებზე არ აისახა”, – აცხადებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე.
კომისიის ინფორმაციით, ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ 2017 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შემოსავლების მსგავსად, 2015 წლის სარეკლამო ბაზრის შემოსავლებიც არ შემცირებულა, ის მინიმუმ 10 მილიონი ლარით მეტია კომისიაში კომპანიების მიერ წარმოდგენილ საკუთარ შემოსავლებთან შედარებით.